არგვეთის მზეო, ნუ დამიცხრობ შენდამი ტრფობას
და შემეწიე, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი გიზგიზა,
შენს ფერდობებში გადიმალა წარსულის გრძნობა,
შორეულ სევდამ ლაჟვარდებში აიყირმიზა.
რას ელი? მითხარ, გამიმჟღავნე გულისნადები,
ჩუმად ტირიხარ შენს ჰანგებში მითაჟამიდან...
შენ მე სინათლე მიწყალობე, ბევრისგამგები,
ვით არ გეძიო, სიცოცხლეო დასაბამიდან?
თან უცნაური ხმები მესმის შენს ტკბილ მღერაში-
დიდი ხანია, მაზიარე ნამყოს ხვაშიადს,
არ დაიღალა სისხლი შენი სახის ცქერაში,
ვითომ დუშმანთა უნდა გძლიონ ღამეში მზიანს?
წმინდა მდინარეთ ამღერებდი ჩემთვის ნანინას,
გვიან, თუმც, მივხვდი, რა გინდოდა ამით რომ გეთქვა-
ზღაპრულ დროების პალადინნი ვინაც ავლინა
სიბრძნის საძებნად და მერმისის ყვავილთა ფეთქვად.
ვხარობ, გიპოვე, ვერასოდეს ვერ მიგატოვებ,
შენს წიაღში ხომ უკვე ვშობე მე ჩემი თავი?
ვიაროთ ერთად, შენი ნათლით მე მასაზრდოვე,
დამაძლევინე ჯვარცმის გზაზე გრიგალი ავი.
არგვეთის მზეო, ნუ დამიცხრობ შენდამი ტრფობას
და შემეწიე, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი გიზგიზა,
შენს ფერდობებში გადიმალა წარსულის გრძნობა,
შორეულ სევდამ ლაჟვარდებში აიყირმიზა.
ღვინობისთვის 9. 2002 წელი
რომი-არეცო
კ. ვეკუა
04/11/07
არგვეთის მზეს
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento