30/07/09

ფანდანგო

იცეკვე, კარგო, ფანდანგო და
სულისკვეთებამ
ჩასცეს მახვილი წუთისოფლის
ბოროტ ზმანებას,
ცეცხლოვან როკვის გზნებით სცემე
დემონთა ლაშქარს,
მყარად იდექი, არ შეუდრკე
გრიგალთა ამქარს.
მუხის ჯიშიან ფესვზე ზრდილი
აენთე ცეცხლად,
აბორგებული ოკეანე
დალახე ხელად,
ვაზის მორჩების მოფერება
ვერ დაივიწყო,
გახსოვდეს ძველი, ახალს სდიე,
მომავლის იყო!
ღვთიურ კერაზე დანთებულ ალს
არ მისცე კლება,
როცა ლაჟვარდზე გამარჯვება
აირეკლება.
ქურუმთ ილეკროს გასაჭედი
იყავი გრდემლი,
მუდამ გიძღოდეს სულის შუქად
ღვთისმშობლის ცრემლი;
ტირის ორფეოს მყინვარწვერის
სისპეტაკეში-
ვარსკვლავურ მღერის ხმა მოისმის
ციურ სახეში.
ლოცვა და როკვა, ღაღადების
კოსმიურ ბრუნვით-
ამ ფანდანგოთი გადაევლე,
კარგო, უკუნითს.

სარწყუნისის 6, 2003 წელი
არეცო, აიაია

სონეტი თ.კ-ს

თაური სიტყვა, ჯიშიანი, შენი სისხლია,
ეკალ-გვირგვინში გააღწიე ათასწლეულებს,
აღმოსავალის ბილიკებით გზები გივლია,
კანდელის შუქით ერთგულობდი ცის სალოცავებს.
ოთხი დღის მკვდარის ტანჯვით თრთიან შენი ტუჩები
კვლავ აღდგომისთვის და სიცოცხლის გამარჯვებისთვის,
ამაოების მაცდურ ბადეს რომ ეურჩები-
ნავარდს ისწავლი სივრცეებთან შეერთებისთვის.
დედის წიაღო-საქართველოს მზიანო ხვავო,
ელვა გვიმრავლე უმართლობის დასალახვრავად,
ლაჟვარდი ვარდის სურნელება-სულის სახარად,
ავი და კარგი ერთმანეთში რომ განასხვავონ.
კარდუს ფესვიდან ამოზრდილო ტურფა ყვავილო,
იმზესხივოსნე, მოყვრის გული რომ აყვავილო.

მკათათვე, 2005
რონდინე, აიაია

სამოთხის რიტმით

ასე გადავხარშე წმინდა მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება. წინ ბევრი სასახელო ბრძოლა გველის და უფალიმც გვეწეოდეს. ამად, ლექსს ზოგადი, ეგზისტენციალური ხასიათიც აქვს.

გოჩა ბახიას
ხატია ღუდუშაურს

ფერების სამოთხე; უფერო არარსი-
რაობა სიცოცხლის და არარაობა.
ვისწავლოთ, მათ შორის რა არის სხვაობა.
სიმართლით ცხოვრება ამაო არ არის.

ნაცრისფერ უდაბნოს უსულო ხეები,
თვალების გახელა სიკვდილით სხეულში,
მომხდარის ჩაბეჭდვა ფიქრების რვეულში-
ნამდვილის წყურვილში მიჰქრიან დღეები.

ისევ ვიბადებით კვდომასთან ბრძოლაში
მარადი სამკვიდროს მზიური შვილები,
ასე გავიმარჯვებთ სამების მხედრები
ღვთის მოწოდებაში.

ფერების სამოთხე; უფერო არარსი-
რაობა სიცოცხლის და არარაობა.
ვისწავლოთ, მათ შორის რა არის სხვაობა.
სიმართლით ცხოვრება ამაო არ არის.

მკათათვის 27, 2005 წელი
რონდინე, იტალია

შავლეგო

წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.

სიძულვილის ჟამია, ვერ ძღებიან ქაჯები,
წყურვილს სისხლით იკლავენ, გრიგალია სიკვდილის,
ცაში მყოფი-ნეტარო-იღვწი, ღმერთს ეაჯები,
რომ გაგიქროს პირნათელს ოდინდელი სიყმილი.

ჰელიოსის რაშებმა ზეცა გადიგრიალეს,
უკვე დიდი ხანია, რაც მზის თვალი ჩავიდა,
მალე ალიონია, მოვიშუშებთ იარებს
და ლაშარის სამკვიდროს გავაბრწყინებთ თავიდან.

ცოტაც და შევიყრებით რაინდების კრებული,
გარდასულის ზღაპარი სიზმარში გაცხადდება,
ერთმანეთის ლოდინში გავიდნენ ასწლეულნი...
იდუმალი ზმანება პალადინთა ახდება.

შავლეგ, ქრისტეს რაინდო, თვითონა ხარ მახვილი,
ახალ ისრაელის თავს ღვთის დიდებად მგრგვინავი,
ლეგეონის მმუსვრელის მზევაჟური ძახილით
დღესაცა ჰქუხს “შავლეგო”-ეშმას გულგამგმირავი.

წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.

ვარდობისთვის 26, 2005 წელი

გაფრთხილება

ჩამქრალი თვალები,
ცეცხლის მინავლება,
სად მიექანები-
სულ არ გენაღვლება.

არავინ გპასუხობს
ციდან, ხომ გაიგე?
რადგანაც საბაოთს
კარები დაუხშე.

წინ გელის უფსკრული,
სიკვდილი, გაქრობა,
შავეთი კრული და
კენტი მარტოობა.

უნდა გამობრუნდე,
მეტი გზა არაა,
ან გაიმარჯვებ და
ან დამარცხებაა.

ვარდობისთვის 6, 2005 წელი
გიორგობა
რონდინე. იტალია

მერმისი

ასწიეთ ჯვარი,
ჯვარი ასწიეთ მაღლა,
დიდი დრო არის,
ზარები რეკენ ახლა!
განახვნეთ ბჭენი,
ხომ მოაწია ჟამმა?!..
კირთების დღენი
გააქრო ქარიშხალმა.
ვარსკვლავურ ფერთა
დღესასწაული დგება...
ვარდების ფეთქვა,
მზიური თვალის რება.
ლაჟვარდ აღსავალს
შროშანთა მოაქვს სიტყვა;
დრო წარმავალ არს-
ნამყოსგან უკვე ითქვა.
მთებს ათენდება,
დღემ დაასრულა ბრძოლა,
რაშთა ჭენება
ცას გადაუვლის სრბოლად...
ეს ზეიმია,
ისმის სიმღერა ძველი,
სოსანთ ღიმია
და ტრფიალება მწველი...
ასწიეთ ჯვარი,
ჯვარი ასწიეთ მაღლა,
დიდი დრო არის,
ზარები რეკენ ახლა!

ვარდობისთვის 25, 2002 წელი
რონდინე. იტალია

website stats
counter