Visualizzazione post con etichetta ლაჟვარდი. Mostra tutti i post
Visualizzazione post con etichetta ლაჟვარდი. Mostra tutti i post

22/09/09

ხანძთა

ბუბა კუდავას

ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო,
შემოგძარცვია სულის ბეგთარი,
ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო,
მწუხარე სახის გიფარავს ფარი.

ჩუმი ტირილით მოგველი დღესაც,
თავად მშობელი ჩვენი სიმტკიცის,
წმინდა გიორგის ხმალი ვინც ლესა,
ვინაც ატარე უკვდავი ფიცი.

კვდომის მსახვრალი შემოგეძალა,
შენ ურჩად ებრძვი, ქედმოუხრელი,
აღდგომით, ხანძთის ჯვარცმულო ძალავ,
გიახლოვდება ისევ ნათელი.

ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო,
შემოგძარცვია სულის ბეგთარი,
ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო,
მწუხარე სახის გიფარავს ფარი.



ერის სამსახურში ღმერთი გაგაბედნიერებთ მადლიერებით ქართული საქმისათვის



ტიროსკონის 10, 2006 წელი
ქ. არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

30/07/09

სონეტი თ.კ-ს

თაური სიტყვა, ჯიშიანი, შენი სისხლია,
ეკალ-გვირგვინში გააღწიე ათასწლეულებს,
აღმოსავალის ბილიკებით გზები გივლია,
კანდელის შუქით ერთგულობდი ცის სალოცავებს.
ოთხი დღის მკვდარის ტანჯვით თრთიან შენი ტუჩები
კვლავ აღდგომისთვის და სიცოცხლის გამარჯვებისთვის,
ამაოების მაცდურ ბადეს რომ ეურჩები-
ნავარდს ისწავლი სივრცეებთან შეერთებისთვის.
დედის წიაღო-საქართველოს მზიანო ხვავო,
ელვა გვიმრავლე უმართლობის დასალახვრავად,
ლაჟვარდი ვარდის სურნელება-სულის სახარად,
ავი და კარგი ერთმანეთში რომ განასხვავონ.
კარდუს ფესვიდან ამოზრდილო ტურფა ყვავილო,
იმზესხივოსნე, მოყვრის გული რომ აყვავილო.

მკათათვე, 2005
რონდინე, აიაია

მერმისი

ასწიეთ ჯვარი,
ჯვარი ასწიეთ მაღლა,
დიდი დრო არის,
ზარები რეკენ ახლა!
განახვნეთ ბჭენი,
ხომ მოაწია ჟამმა?!..
კირთების დღენი
გააქრო ქარიშხალმა.
ვარსკვლავურ ფერთა
დღესასწაული დგება...
ვარდების ფეთქვა,
მზიური თვალის რება.
ლაჟვარდ აღსავალს
შროშანთა მოაქვს სიტყვა;
დრო წარმავალ არს-
ნამყოსგან უკვე ითქვა.
მთებს ათენდება,
დღემ დაასრულა ბრძოლა,
რაშთა ჭენება
ცას გადაუვლის სრბოლად...
ეს ზეიმია,
ისმის სიმღერა ძველი,
სოსანთ ღიმია
და ტრფიალება მწველი...
ასწიეთ ჯვარი,
ჯვარი ასწიეთ მაღლა,
დიდი დრო არის,
ზარები რეკენ ახლა!

ვარდობისთვის 25, 2002 წელი
რონდინე. იტალია

04/11/07

არგვეთის მზეს


არგვეთის მზეო, ნუ დამიცხრობ შენდამი ტრფობას
და შემეწიე, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი გიზგიზა,
შენს ფერდობებში გადიმალა წარსულის გრძნობა,
შორეულ სევდამ ლაჟვარდებში აიყირმიზა.

რას ელი? მითხარ, გამიმჟღავნე გულისნადები,
ჩუმად ტირიხარ შენს ჰანგებში მითაჟამიდან...
შენ მე სინათლე მიწყალობე, ბევრისგამგები,
ვით არ გეძიო, სიცოცხლეო დასაბამიდან?

თან უცნაური ხმები მესმის შენს ტკბილ მღერაში-
დიდი ხანია, მაზიარე ნამყოს ხვაშიადს,
არ დაიღალა სისხლი შენი სახის ცქერაში,
ვითომ დუშმანთა უნდა გძლიონ ღამეში მზიანს?

წმინდა მდინარეთ ამღერებდი ჩემთვის ნანინას,
გვიან, თუმც, მივხვდი, რა გინდოდა ამით რომ გეთქვა-
ზღაპრულ დროების პალადინნი ვინაც ავლინა
სიბრძნის საძებნად და მერმისის ყვავილთა ფეთქვად.

ვხარობ, გიპოვე, ვერასოდეს ვერ მიგატოვებ,
შენს წიაღში ხომ უკვე ვშობე მე ჩემი თავი?
ვიაროთ ერთად, შენი ნათლით მე მასაზრდოვე,
დამაძლევინე ჯვარცმის გზაზე გრიგალი ავი.

არგვეთის მზეო, ნუ დამიცხრობ შენდამი ტრფობას
და შემეწიე, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი გიზგიზა,
შენს ფერდობებში გადიმალა წარსულის გრძნობა,
შორეულ სევდამ ლაჟვარდებში აიყირმიზა.

ღვინობისთვის 9. 2002 წელი
რომი-არეცო
კ. ვეკუა

website stats
counter