20/10/08

მზის ლიტურგია

ინანას

ჩამობნელდება, ძილის დრო მოვა...
ციდან სარკმელში შემოიხედავ,
პირგაბადრული თეთრი ინანა;
საბნის კიდეზე ჩამომჯდარს მნახავ,
ასე დაგხვდები, ფიქრებით ახლოს.
შენი ღიმილი და შენი სევდა
სახეს ვერცხლისფრად მოეფერება.
მე შენ გიყურებ თვალებში დინჯად
და ამ სიდინჯით გესაუბრები
ტანგოს ენაზე უხმო სიმღერას.
გადმოეშვები ყინულის შრეში,
თავად ზამთარი ზაფხულის გულით
(ახლა ასეა... სხვა დროს უმზევებ
ჩემ სულის ხომალდს უქრობ შუქურად),
უჩუმრად გვერდში ამომიდგები
შავეთის გავლით ცისკენ მიმავალს,
მარტოობისთვის რომ არ გამწირო
და შემდეგ თვითონ არ დარჩე მარტო...
შემომეჩვევი, დაგიმეგობრებ-
ორი ერთია, ერთია ყველა.
მზიანი ღამის ფარდების გახსნა
და ჩემს კალთაში გიტარად ჩაგსვამ,
რომ შენი გულის და ყელის დაკვრით
მთელი სამყარო ავახმიანო
ერთ დიდ, ვეება, ზღაპრულ საკრავად.
მუსიკა ყველგან, ჩემშიც და შენშიც,
მუსიკა როგორც ლურჯი ჰაერი-
მზის ლიტურგია, მზის ლიტურგია.
ჩვენ-ორი ბავშვი და ხუცი ბერი,
ორი ალალი ჯუფთი და ფერი.

ქ. არეცო, აიაია
გიორგობისთვის 21, 2008 წელი
კონსტანტინ
(კოკა) ვეკუა

01/10/08

პიკასოს დაბადება

არლეკინოს სიკვდილის პროსტიტუტი ქალები
პიკასოსთვის ძლევაა უცხო ვულგარულობის,
ეროსის საიდუმლო-ნიჭი ღრიანკალების,
გასაღები კოსმოსის ცხოვნების და კრულობის.

დაცემულის აზიდვა ლაჟვარდების სიღრმეში
სულის ლაბირინთების ძლევით ქრისტესფერია,
მოდის იმპერატორი ღვინოცურვილ სირმებში,
ანგელოზიც, დემონიც-ბახუსის მისტერია.

ზურმუხტებმა გაცერეს წუთისოფლის ფარდები,
დარჩა მზემდე სავალი მზის თავგადასავალი,
შროშანები, ვარდები, მთვარით ნანავარდები,
სიყვარულის ორკესტრი, უკვდავებამრავალი.

website stats
counter