"ეს ყველაფერი ოდენ გარეგნული სამოსია. უმთავრესია ის, რასაც თვალებით ვერ დაინახავ"
ანტუან დე სენ-ეგზიუპერი
ერთ ზღაპრულ სამეფოში საქვეყნოდ განთქმული ბაღი ხარობდა, სადაც მზიური ვარდი იზრდებოდა. მომვლელად კი დაოსტატებული მებაღე ჰყავდა მიჩენილი. ყვავილთა დედოფალს უხაროდა თავისი მომვლელის ზრუნვა და ეს უკანასკნელიც გულმოდგინეთ ევლებოდა თავს. ვარდს კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა-მას ლაპარაკი შეეძლო.
მრავალნი მოდიოდნენ მასთან მისი გულის მოსაგებად და სურდათ გადაენერგათ იგი თავიანთ საუცხოოდ მოკაზმულ სავანეებში. ამიტომ, ყოველი მომსვლელი უფრო და უფრო მდიდრულად იმოსებოდა და დიდძალ პატივსაც სთავაზობდნენ ვარდს, მაგრამ მათ ამ საოცარი ყვავილის ხელში ჩაგდება უფრო იმიტომ უნდოდათ, რომ შემდეგ თავი მოეწონებინათ სხვათა წინაშე: ნახეთ, რა ლამაზი და საოცარი რამ გამაჩნია. ისეთი, რაც მხოლოდ მე მაქვს და სხვას არავისო. თუმცა, არცერთს აზრადაც არ მოსვლია, რომ ვარდის მშვენიერება სხვების წინაშე საკვეხნად კი არა, საკუთარი გულის გასაკეთილშობილებლად იყო საჭირო. სულის სიღრმეში ყვავილთა დედოფალიც სხვა რამეს ნატრობდა: მანამდე არგაგონილი სასწაულის აღსრულებას ლამობდა-ცოცხალ დედოფლად ქცევა და ადამიანებივით ნამდვილი ცხოვრება სურდა. ამ ზრახვას იმდენად ღრმად ინახავდა საკუთარ გულში, რომ მებაღესაც კი არ უზიარებდა ხვაშიადს. შესაძლოა, არც როდესმე გაემხილა. ნატრობდა ამ სასწაულს, მაგრამ არ იცოდა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი განხორციელება. ამიტომ, არავინ მოსდიოდა თვალში, ყველა მთხოვნელს უარით ისტუმრებდა და სანატრელს ელოდა.
ერთხელაც ბაღს მაიმუნზე ცოტათი უფრო ლამაზი და დათვური აგებულების უბრალოდ ჩაცმული ჭაბუკი ეწვია და განუცხადა მებაღეს, რომ მას ბევრი სმენოდა ამ საოცარი არსების შესახებ და ძალიან შორი გზიდან იყო მოსული.
მზიურმა დედოფალმა დახედა ჭაბუკს და დაცინვით განუცხადა:
-მე, ყვავილთა დედოფალი, ვითვლები ამ სიმდიდრით, ძალაუფლებითა და მსახურთა სიმრავლით განთქმული სამეფოს სამკაულად. არ მაკლია არც ოქრო, არც ძვირფასეულობა, რომელსაც ჩემი სილამაზისა და საოცრების გამო მჩუქნიან. ამად, სანამ ვარსებობ, მინდა, უზრუნველად ვცხოვრობდე და წარმატებებს ვაღწევდე, რომ არ დამაკლდეს ფუფუნება და პატივი. შენ კი რა შეგიძლია მომცე ამაზე მეტი?
ვაჟმა უპასუხა:
-მე უსასრულო სამეფოს ხელმწიფე ვარ, რომელსაც მზის გარდა არაფერი აკლია. იმისათვის მოვედი შენთან, რომ მის მანათობელად გაგხადო. შენი ხელმწიფე ვიქნები, შენ-ჩემი დედოფალი. მე შენი და შენ ჩემი, ხოლო ერთმანეთის მეგობრობით ავაყვავებთ მას და ორივე გავბედნიერდებით ერთად.
-აი, იმ წყაროს ხომ ხედავ?-მიუთითა ვარდმა ახლომდებარე წყაროს წყალზე-იმით მრწყავდა ჩემი მებაღე, მრწყავს და კიდევ მომრწყავს. ის წყალი მინდა, მომწონს და ის მიხდება. შენ კი უკეთესს რას შესძლებ?
-მე სიცოცხლის წყლით მოგრწყავ!
დადუმდა ყვავილთა დედოფალი, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მედიდურად შეავლო თვალი ჭაბუკს და უთხრა:
-ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია, რადგან ვერ ვხედავ შენს უსასრულო და უმდიდრეს სამეფოს. თუ მართლა მისი ხელმწიფე ხარ, რატომ არ გემჩნევა ეს ჩაცმულობაზე? და სიცოცხლის წყაროთი როგორ გამომკვებავ, როცა ასეთი რამ არც კი გამიგია?
მაშინ გაეცინა მაიმუნზე ცოტათი უფრო ლამაზსა და დათვური აღნაგობის ვაჟს და მიუგო ვარდს:
-შენ ვერაფერი დაინახე: ჩემი უსასრულო სამეფო ჩემი გულია, რომელზე უფრო დიდი, უსაზღვრო და საოცარი სხვა არაფერია ამ ქვეყნად. რაც არ უნდა შეჰმატო სამეფო სამეფოს, იგი ყოველთვის უფრო აღმატებული იქნება. სიცოცხლის წყაროც ამ გულშია და მას ვერაფერი ამოაშრობს. შენ კი არც ამ საზღვრულ სამეფოსა და არც მის ოქრო-ვერცხლზე მეტად არ ღირხარ და არც ჩვეულებრივ წყაროს წყალზე მეტს იმსახურებ.
ამ სიტყვებით უსასრულო და სიცოცხლის სამეფოს ხელმწიფე მოტრიალდა და იქაურობას გაეცალა. რა იცოდა ყვავილთა დედოფალმა, რომ სამუდამოდ დაჰკარგა თავისი ნატვრის განხორციელების ბედნიერება.
7 აპნისი. 2006 წელი
რონდინე. აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
15/11/07
ყვავილთა დედოფალი და ხელმწიფე
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
2 commenti:
Bella calligrafia...
Uno dei 14 alfabeti del mondo: il Georgiano
Posta un commento