22/10/09

გეორგიანული

წმინდაო მიქაელ, წმინდაო მიქაელ,
ხმალი შენი-დუმილის ძალი,
თვალთა კვესება-სიმშვიდე სავსე,
გზა სიმამაცის-სიმართლის მარჯი,
ნათელი შენი-მზესიყვარული.
ცათა რაინდო, შემწედ გვეყავი.

წმინდაო გიორგი, წმინდაო გიორგი,
რუს თაურობა შენი ფესვია,
კვდომა იურვე მგლისმუხლა ნებით,
მინდიაურობ გველოსნურ სიბრძნის
უკვდავებაში გარდაცვალებით,
წმინდა სამების თეთრო მძლევაჟო.

22/09/09

ხანძთა

ბუბა კუდავას

ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო,
შემოგძარცვია სულის ბეგთარი,
ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო,
მწუხარე სახის გიფარავს ფარი.

ჩუმი ტირილით მოგველი დღესაც,
თავად მშობელი ჩვენი სიმტკიცის,
წმინდა გიორგის ხმალი ვინც ლესა,
ვინაც ატარე უკვდავი ფიცი.

კვდომის მსახვრალი შემოგეძალა,
შენ ურჩად ებრძვი, ქედმოუხრელი,
აღდგომით, ხანძთის ჯვარცმულო ძალავ,
გიახლოვდება ისევ ნათელი.

ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო,
შემოგძარცვია სულის ბეგთარი,
ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო,
მწუხარე სახის გიფარავს ფარი.



ერის სამსახურში ღმერთი გაგაბედნიერებთ მადლიერებით ქართული საქმისათვის



ტიროსკონის 10, 2006 წელი
ქ. არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ფიქრები სარკის წინ

(მეტამორფოზები შორეულ აიაიაში)

მე შენ გიყურებ.
ვიცი, ვინცა ხარ და საიდან მოდიხარ.
მე ვკითხულობ შენი თვალების ფერს; მე გკითხულობ შენ.
ვიცი შენი წარსული, ვიცი შენი აწმყო. საკმაო გზა გავლიე ამისათვის. ვიცი, თუ რამდენი ათასწლეულია უკან.
ვიცი, რა ძალაა შენს წარბებს შორის, შენს გულში, შენს სულში და ვიცი, ვინ გისაჩუქრა იგი.
ვუწყი, თუ რა კითხვები გაწუხებენ და რა გამოძრავებს; ისიც ვუწყი, რომ ჯერ კიდევ არ გაგაჩნია მათზე სრული პასუხები-დრო სჭირდება ამას!
ვიცი, საითკენ გინდა წასვლა და რომ იცი, თუ რომელ მხარესაა ჭეშმარიტება, ერთადერთი და წარუვალი.
ვუწყი, მწუხარე სახეს მონატრებულო, იცი ის, რომ არაფერი იცი; რომ დაინახე ზღვარი.
შენ შეგწევს ძალა, დაუბრუნდე შენს ფესვებს, თაურ წიაღს.
კიდევ რა ვიცი?
ვუწყი, თუ რას ელი. შენ უცდი კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ არნახულ სასწაულს და იცი, რომ უთუოდ დადგება ჟამი.
შენ გამოერკვიე სიზმრიდან, გაღვიძებული ხარ. ნელ-ნელა ("თვეებით და დღეებით კი არა, საათობით იზრდებოდა"-ზღაპრებიდან) ხვდები, თუ რა ენით და რას საუბრობს ყველაფერი და რომ ყოველივე ერთი და იმავეს ღაღადებს დასაბამიდან; მითიური მინდიას სახე გახსენდება მაშინ. შენ ბუნების სიტყვას ჩასწვდი და იცი მისი წარმომავლობა. გასისხლხორცებული გაქვს პროტაგორას თქმა- "ადამიანია ყველაფრის საზომი", რამეთუ უწყი, რომ ადამიანი ღვთის ხატია, პირველის სახე.
ვიცი, თუ რა ტკივილები და რა სიხარული ბუდობს შენში. კარგია და საჭირო ეს ტკივილები. ამით შინაარსი ეძლევა ცხოვრებას; მოძრაობაში მოჰყავხარ მათ. შენი სიხარული კი უფრო იმედია, რომლის აღსრულებაც გარდაუვალია.
ვიცი, თუ რისი გწყურია-ყოვლადძლიერისა და უსაზღვროდ მოწყალისაგან არგან-შორების, მასთან სიახლოვის.
ვუწყი, რატომ თამაშობს შენში სისხლი და რისთვის შეგიძლია ბრძოლა. შენ ხომ თავისუფლებისა და სიყვარულისათვის მეომართა შთამომავალი ხარ?! თავისუფლებისა, რომელიც იშვა სიკეთისა და მშვენიერების საქმნელად! შენ მებრძოლი ხარ-გახსოვდეს ეს!!!
შენი წინაპრების საფლავებისათვის უნდა იცხოვრო! მათი ღირსება შენს გენში დევს. ისინი შენში არიან.
მომავლისათვის უნდა იცხოვრო! უნდა იცხოვრო სვეტიცხოვლობისას, მცხეთაში, დედათა მონასტრის გალავანში ნანახი კარდუს პატარა და მშვენიერი, გრძელკულულა და მზეცურვილიფერისთმიანი ასულის არსებობისათვის. არ უნდა შეწყდეს ეს სილამაზე. შენ ამის ნება არა გაქვს, რამეთუ იცი ის, რომ არაფერი იცი!!!
შენ უკვე გაქვს შენი გზა, შენი გზა!
იარე, ვიდრე ჰხვალ.
გფარავდეს და შეგეწიოს უფალი.
ჩვენ გავიმარჯვებთ!!


ღვინობისთვის 9. 2002 წელი
რომი-არეცო

ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!

ვალერი ბიძიას


წუთისოფელმა შეგასვათ შხამი,
მაგრამ იესომ არ მიგატოვათ,
უნდოდათ, თუმც ვერ დაგვმართეს ჟამი,
სული ჯანსაღი მზემ შეგვატოვა.

ვინ უნდა გვძლიოს, თუ ვუერთგულეთ
ჯვარცმულ ღმერთსა და სამშობლო მიწას?!
ცრემლი ასველებს ნატკივარ გულებს-
მტერმა ამიტომ ვერ დაგვამიწოს!

სიზმრულ ყოფისგან თავდახსნის გზაზე
გვფარავდეს მუდამ დედა მარიამ,
წკვარამი ქრება სინათლის კარზე,
უფალი მოდის-გვამცნო ალიამ.

უნდოდათ, თუმც, ვერ დაგვმართეს ჟამი-
ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!


ალია -(აქ) ალიონი



სარწყუნისის 2. 2003 წელი
რონდინე. გეორგია (იტალია)
კონსტანტინე ვეკუა

* * *

ზაფხულია და ყინვა მაზრობს ბამბუკის ჭალას,
მარტოკაცივით ვეჭიდები გრიგალთა ამქარს,
არ გადავტყდები!-წვიმა მაწევს მადლიან ძალას
და სევდის ნანა სულში მათოვს მკათათვის ნამქერს.

ვიცი, არა მსჯი. შენ ჩემი ხსნა გწყურია ოდენ,
მაგრამ უფალო, მე ბევრი რამ წამერთვა უკვე,
თმებით დაბურულ მთის მხრებს ვყვარობ, თვალები გთხოვენ,
რაიც ინებო, შემამთხვიე... ეს დამიტოვე!

ქარი დამარწევს, გულში მიკლავს მტკივნეულ შრიალს,
სხვა ვარ, უფალო, ნუ დამტოვებ, ჩემში მჭირდები,
მოდი, მერცხალო, ყურს დავუგდებ შენ ფრთების ფრთხიალს,
რომ დაგიფარო ჩემს ჩეროში. ნუ გაფრინდები!

მირკანის 13. 2003 წელი
Quarata. აიაია
კ. ვეკუა

მეტამორფოზა

შენ-სხვა-ზღვა

რომ გადასცურო ზღვა,
საბედისწერო ზღვა,
გარდაიცვალე სხვად,
მაგრამ არ გახდე სხვა.

ვისაც, რაც უნდა სთქვას,
მაშინ გაუგებ თქმას-
სხვა კი არაა ზღვა,
შენ თვითონა ხარ ზღვა.

30/07/09

ფანდანგო

იცეკვე, კარგო, ფანდანგო და
სულისკვეთებამ
ჩასცეს მახვილი წუთისოფლის
ბოროტ ზმანებას,
ცეცხლოვან როკვის გზნებით სცემე
დემონთა ლაშქარს,
მყარად იდექი, არ შეუდრკე
გრიგალთა ამქარს.
მუხის ჯიშიან ფესვზე ზრდილი
აენთე ცეცხლად,
აბორგებული ოკეანე
დალახე ხელად,
ვაზის მორჩების მოფერება
ვერ დაივიწყო,
გახსოვდეს ძველი, ახალს სდიე,
მომავლის იყო!
ღვთიურ კერაზე დანთებულ ალს
არ მისცე კლება,
როცა ლაჟვარდზე გამარჯვება
აირეკლება.
ქურუმთ ილეკროს გასაჭედი
იყავი გრდემლი,
მუდამ გიძღოდეს სულის შუქად
ღვთისმშობლის ცრემლი;
ტირის ორფეოს მყინვარწვერის
სისპეტაკეში-
ვარსკვლავურ მღერის ხმა მოისმის
ციურ სახეში.
ლოცვა და როკვა, ღაღადების
კოსმიურ ბრუნვით-
ამ ფანდანგოთი გადაევლე,
კარგო, უკუნითს.

სარწყუნისის 6, 2003 წელი
არეცო, აიაია

სონეტი თ.კ-ს

თაური სიტყვა, ჯიშიანი, შენი სისხლია,
ეკალ-გვირგვინში გააღწიე ათასწლეულებს,
აღმოსავალის ბილიკებით გზები გივლია,
კანდელის შუქით ერთგულობდი ცის სალოცავებს.
ოთხი დღის მკვდარის ტანჯვით თრთიან შენი ტუჩები
კვლავ აღდგომისთვის და სიცოცხლის გამარჯვებისთვის,
ამაოების მაცდურ ბადეს რომ ეურჩები-
ნავარდს ისწავლი სივრცეებთან შეერთებისთვის.
დედის წიაღო-საქართველოს მზიანო ხვავო,
ელვა გვიმრავლე უმართლობის დასალახვრავად,
ლაჟვარდი ვარდის სურნელება-სულის სახარად,
ავი და კარგი ერთმანეთში რომ განასხვავონ.
კარდუს ფესვიდან ამოზრდილო ტურფა ყვავილო,
იმზესხივოსნე, მოყვრის გული რომ აყვავილო.

მკათათვე, 2005
რონდინე, აიაია

სამოთხის რიტმით

ასე გადავხარშე წმინდა მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება. წინ ბევრი სასახელო ბრძოლა გველის და უფალიმც გვეწეოდეს. ამად, ლექსს ზოგადი, ეგზისტენციალური ხასიათიც აქვს.

გოჩა ბახიას
ხატია ღუდუშაურს

ფერების სამოთხე; უფერო არარსი-
რაობა სიცოცხლის და არარაობა.
ვისწავლოთ, მათ შორის რა არის სხვაობა.
სიმართლით ცხოვრება ამაო არ არის.

ნაცრისფერ უდაბნოს უსულო ხეები,
თვალების გახელა სიკვდილით სხეულში,
მომხდარის ჩაბეჭდვა ფიქრების რვეულში-
ნამდვილის წყურვილში მიჰქრიან დღეები.

ისევ ვიბადებით კვდომასთან ბრძოლაში
მარადი სამკვიდროს მზიური შვილები,
ასე გავიმარჯვებთ სამების მხედრები
ღვთის მოწოდებაში.

ფერების სამოთხე; უფერო არარსი-
რაობა სიცოცხლის და არარაობა.
ვისწავლოთ, მათ შორის რა არის სხვაობა.
სიმართლით ცხოვრება ამაო არ არის.

მკათათვის 27, 2005 წელი
რონდინე, იტალია

შავლეგო

წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.

სიძულვილის ჟამია, ვერ ძღებიან ქაჯები,
წყურვილს სისხლით იკლავენ, გრიგალია სიკვდილის,
ცაში მყოფი-ნეტარო-იღვწი, ღმერთს ეაჯები,
რომ გაგიქროს პირნათელს ოდინდელი სიყმილი.

ჰელიოსის რაშებმა ზეცა გადიგრიალეს,
უკვე დიდი ხანია, რაც მზის თვალი ჩავიდა,
მალე ალიონია, მოვიშუშებთ იარებს
და ლაშარის სამკვიდროს გავაბრწყინებთ თავიდან.

ცოტაც და შევიყრებით რაინდების კრებული,
გარდასულის ზღაპარი სიზმარში გაცხადდება,
ერთმანეთის ლოდინში გავიდნენ ასწლეულნი...
იდუმალი ზმანება პალადინთა ახდება.

შავლეგ, ქრისტეს რაინდო, თვითონა ხარ მახვილი,
ახალ ისრაელის თავს ღვთის დიდებად მგრგვინავი,
ლეგეონის მმუსვრელის მზევაჟური ძახილით
დღესაცა ჰქუხს “შავლეგო”-ეშმას გულგამგმირავი.

წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.

ვარდობისთვის 26, 2005 წელი

website stats
counter