22/09/09

ფიქრები სარკის წინ

(მეტამორფოზები შორეულ აიაიაში)

მე შენ გიყურებ.
ვიცი, ვინცა ხარ და საიდან მოდიხარ.
მე ვკითხულობ შენი თვალების ფერს; მე გკითხულობ შენ.
ვიცი შენი წარსული, ვიცი შენი აწმყო. საკმაო გზა გავლიე ამისათვის. ვიცი, თუ რამდენი ათასწლეულია უკან.
ვიცი, რა ძალაა შენს წარბებს შორის, შენს გულში, შენს სულში და ვიცი, ვინ გისაჩუქრა იგი.
ვუწყი, თუ რა კითხვები გაწუხებენ და რა გამოძრავებს; ისიც ვუწყი, რომ ჯერ კიდევ არ გაგაჩნია მათზე სრული პასუხები-დრო სჭირდება ამას!
ვიცი, საითკენ გინდა წასვლა და რომ იცი, თუ რომელ მხარესაა ჭეშმარიტება, ერთადერთი და წარუვალი.
ვუწყი, მწუხარე სახეს მონატრებულო, იცი ის, რომ არაფერი იცი; რომ დაინახე ზღვარი.
შენ შეგწევს ძალა, დაუბრუნდე შენს ფესვებს, თაურ წიაღს.
კიდევ რა ვიცი?
ვუწყი, თუ რას ელი. შენ უცდი კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ არნახულ სასწაულს და იცი, რომ უთუოდ დადგება ჟამი.
შენ გამოერკვიე სიზმრიდან, გაღვიძებული ხარ. ნელ-ნელა ("თვეებით და დღეებით კი არა, საათობით იზრდებოდა"-ზღაპრებიდან) ხვდები, თუ რა ენით და რას საუბრობს ყველაფერი და რომ ყოველივე ერთი და იმავეს ღაღადებს დასაბამიდან; მითიური მინდიას სახე გახსენდება მაშინ. შენ ბუნების სიტყვას ჩასწვდი და იცი მისი წარმომავლობა. გასისხლხორცებული გაქვს პროტაგორას თქმა- "ადამიანია ყველაფრის საზომი", რამეთუ უწყი, რომ ადამიანი ღვთის ხატია, პირველის სახე.
ვიცი, თუ რა ტკივილები და რა სიხარული ბუდობს შენში. კარგია და საჭირო ეს ტკივილები. ამით შინაარსი ეძლევა ცხოვრებას; მოძრაობაში მოჰყავხარ მათ. შენი სიხარული კი უფრო იმედია, რომლის აღსრულებაც გარდაუვალია.
ვიცი, თუ რისი გწყურია-ყოვლადძლიერისა და უსაზღვროდ მოწყალისაგან არგან-შორების, მასთან სიახლოვის.
ვუწყი, რატომ თამაშობს შენში სისხლი და რისთვის შეგიძლია ბრძოლა. შენ ხომ თავისუფლებისა და სიყვარულისათვის მეომართა შთამომავალი ხარ?! თავისუფლებისა, რომელიც იშვა სიკეთისა და მშვენიერების საქმნელად! შენ მებრძოლი ხარ-გახსოვდეს ეს!!!
შენი წინაპრების საფლავებისათვის უნდა იცხოვრო! მათი ღირსება შენს გენში დევს. ისინი შენში არიან.
მომავლისათვის უნდა იცხოვრო! უნდა იცხოვრო სვეტიცხოვლობისას, მცხეთაში, დედათა მონასტრის გალავანში ნანახი კარდუს პატარა და მშვენიერი, გრძელკულულა და მზეცურვილიფერისთმიანი ასულის არსებობისათვის. არ უნდა შეწყდეს ეს სილამაზე. შენ ამის ნება არა გაქვს, რამეთუ იცი ის, რომ არაფერი იცი!!!
შენ უკვე გაქვს შენი გზა, შენი გზა!
იარე, ვიდრე ჰხვალ.
გფარავდეს და შეგეწიოს უფალი.
ჩვენ გავიმარჯვებთ!!


ღვინობისთვის 9. 2002 წელი
რომი-არეცო

Nessun commento:

website stats
counter