(...დუმილის სკივრიდან...)
სუფრა.
გრძელი და ხვავსავსე მაგიდა, ირგვლივ სიჭაბუკით შემორკალული.
ჟრიამული, ქეიფი, სიმღერა.
ვაჟთა თავმომწონეობა, ქალათა სიკეკლუცე.
წესი-შინაგან ფუტურო ნიღაბი.
ხანგამოშვება და დროსტარების დაღვინება.
ოთახის სიღრმეში უნებური ბილწსიტყვაობა-ყურზე გველის უეცარი ნაკბენი.
ორი შემცბარი გული; სხვათა კისკისი.
შეზარხოშებული საღამო-ნება, როგორც მოდუნებული მშვილდი: კიდევ ერთი გინების თოფივით გავარდნა.
უფრო ხმამაღალი სიცილი და უკვე-მოქნეული მუშტივით უხამსობა.
ორი ტკვილიანი და სიმჩამწყდარი ჩონგური გული.
მაგიდის კიდესთან მჯდომი ვაჟის წამოდგომა დ ოთახიდან გასვლა.
მოლარესთან:
-მეხუთე ოთახის ანგარიში.
მისი დაბრუნება, ქურთუკის აღება და შედგომა. ყველასთვის სათითაოდ თვალის შევლება. მზერათა ვაჟისკენ რიგ-რიგობით შემობრუნება.
უცნაურად გარინდებული ჰაერი და ორი მახვილი ელვა-სიტყვით გაკვეთილი დუმილი:
-შევცდი... ბედნიერად...
ვაჟის გასვლა.
გაოცებული სახეები, აჩეჩებული მხრები, ბრაზგარეული მოხალისე ხასიათები. ინანას დაობლებული გული.
ათიოდე წამი...
მეტი გაოცება. ჯეირან-ქალას წამოდგომა და მისი სინაზე:
-არ დაიშალოთ... ყველანი მიყვარხართ...
გვერდში მჯდომი ძმისთვის თვალებში ჩახედვა და იგივეს გამრავლებული სიყვარულით უსიტყვოდ თქმა.
ქალაქი.
ქუჩა.
ვაჟის მახვილი სმენა, შეუჩერებელი სვლა და მაღალქუსლიანი ნაბიჯების აჩქარებული ხმა...
10/01/09
კადრი ცხოვრებიდან
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento