08/12/08

სიყვარულის დიალექტიკა

აჰა, ჭეშმარიტება:
არის კეთილგონიერება
და არის გულკეთილობა...
ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს,
გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა.
რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ?
რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის
და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ,
სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი?
ქვეყნიერება-მრავალი ფერი,
ერთმანეთისგან განსხვავებული;
ერთადერთია თითოეული.
ეს კი პირველი სასწაულია-
სხვა საოცრებით გრძელდება იგი:
როცა ყოველი როკავს გზნებული,
ტრფობის მუსიკით ასამებული,
კენტად დგომაზე აღმატებული.
მაშინ სიკვდილი დალახვრულია,
ცხოვრება ხდება სულ ერთი ციდა;
დანაწილების მაგივრად-შერწყმა
სიცოცხლის ლაჟვარდ ოკეანეში.
სხვადასხვაობა საერთოს ეძებს
და ეს საერთო სიყვარულია,
მეგობრობა და ურთიერთაღქმა,
სრულყოფის გზაზე სხვა უვიცობა-
ნეტართა განძი და ბავშვურობა.
ოქროს კოკებში იღვრება მზე და
მთელი სამყარო მზე ხდება თვითონ...
ყოველი ერთი იშვება მასში...
ფერთა ქორწილი ბადებს ლაჟვარდებს...

Nessun commento:

website stats
counter