წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.
სიძულვილის ჟამია, ვერ ძღებიან ქაჯები,
წყურვილს სისხლით იკლავენ, გრიგალია სიკვდილის,
ცაში მყოფი-ნეტარო-იღვწი, ღმერთს ეაჯები,
რომ გაგიქროს პირნათელს ოდინდელი სიყმილი.
ჰელიოსის რაშებმა ზეცა გადიგრიალეს,
უკვე დიდი ხანია, რაც მზის თვალი ჩავიდა,
მალე ალიონია, მოვიშუშებთ იარებს
და ლაშარის სამკვიდროს გავაბრწყინებთ თავიდან.
ცოტაც და შევიყრებით რაინდების კრებული,
გარდასულის ზღაპარი სიზმარში გაცხადდება,
ერთმანეთის ლოდინში გავიდნენ ასწლეულნი...
იდუმალი ზმანება პალადინთა ახდება.
შავლეგ, ქრისტეს რაინდო, თვითონა ხარ მახვილი,
ახალ ისრაელის თავს ღვთის დიდებად მგრგვინავი,
ლეგეონის მმუსვრელის მზევაჟური ძახილით
დღესაცა ჰქუხს “შავლეგო”-ეშმას გულგამგმირავი.
წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.
ვარდობისთვის 26, 2005 წელი
30/07/09
შავლეგო
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
17:33
0
გამოხმაურება
Etichette: ალიონი, ექსკალიბური, ისრაელი, ლაშარი, ქრისტე, შავლეგო, ჰელიოსი
გაფრთხილება
ჩამქრალი თვალები,
ცეცხლის მინავლება,
სად მიექანები-
სულ არ გენაღვლება.
არავინ გპასუხობს
ციდან, ხომ გაიგე?
რადგანაც საბაოთს
კარები დაუხშე.
წინ გელის უფსკრული,
სიკვდილი, გაქრობა,
შავეთი კრული და
კენტი მარტოობა.
უნდა გამობრუნდე,
მეტი გზა არაა,
ან გაიმარჯვებ და
ან დამარცხებაა.
ვარდობისთვის 6, 2005 წელი
გიორგობა
რონდინე. იტალია
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
17:24
0
გამოხმაურება
Etichette: გაფრთხილება, თვალები, მარტოობა, საბაოთ, სიკვდილი, უფსკრული, შავეთი
მერმისი
ასწიეთ ჯვარი,
ჯვარი ასწიეთ მაღლა,
დიდი დრო არის,
ზარები რეკენ ახლა!
განახვნეთ ბჭენი,
ხომ მოაწია ჟამმა?!..
კირთების დღენი
გააქრო ქარიშხალმა.
ვარსკვლავურ ფერთა
დღესასწაული დგება...
ვარდების ფეთქვა,
მზიური თვალის რება.
ლაჟვარდ აღსავალს
შროშანთა მოაქვს სიტყვა;
დრო წარმავალ არს-
ნამყოსგან უკვე ითქვა.
მთებს ათენდება,
დღემ დაასრულა ბრძოლა,
რაშთა ჭენება
ცას გადაუვლის სრბოლად...
ეს ზეიმია,
ისმის სიმღერა ძველი,
სოსანთ ღიმია
და ტრფიალება მწველი...
ასწიეთ ჯვარი,
ჯვარი ასწიეთ მაღლა,
დიდი დრო არის,
ზარები რეკენ ახლა!
ვარდობისთვის 25, 2002 წელი
რონდინე. იტალია
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
14:44
0
გამოხმაურება
Etichette: დღესასწაული, ლაჟვარდი, მერმისი, მზიური, ჯვარი
23/04/09
აპრილის სურნელი
გუშინ წვიმდა, მაგრამ მაინც მზე იყო
და აპრილის ტრიალებდა სურნელი,
ნაზად სცრიდა, საოცარი დღე იყო,
მშვენიერი, ენითგამოუთქმელი.
ცა ატირდა სიხარულის ცრემლებით,
მიწას ბროლი მოეფინა ციური,
აყვავილდა, გაიფურჩქნა ვედრებით
სიყვარულის ნერგი ფანტასტიური.
მზის სხივები ოქროსფერი თმებია-
საოცნებო ლაჟვარდობით ნაფერი,
შორეული ზეცის ანარეკლია
და ჰანგები-სერენადად ნამღერი.
5 ივლისი. 1999 წელი
ქ. თბილისი. გეორგია
14/04/09
მარტია
ოქროსფრად აბრწყინდა მიმოზის ყვავილი
და მოგონებებში კვლავ ჩემი სახლია,
ტიტინა ბავშვობა, ნანატრი ძახილი
მაკლია, მაკლია!
შხაპუნა ტალღებში ფეხის დასველება
დიდრონი თვალების უქრობი დარდია,
ნამიან ბალახით სულის გახელება...…
მარტია! მარტია!
ზამთარი გავა და თიბათვე დადგება,
ყვავილთა მღერაში ციური მადლია,
წარსულით ჭვრეტილში,-როცა ასრულდება-
თაფლია, თაფლია.
ახლა კი მარტია.
6 მირკანი. 2003 წელი
ქ. არეცო. იტალია
10/01/09
კადრი ცხოვრებიდან
(...დუმილის სკივრიდან...)
სუფრა.
გრძელი და ხვავსავსე მაგიდა, ირგვლივ სიჭაბუკით შემორკალული.
ჟრიამული, ქეიფი, სიმღერა.
ვაჟთა თავმომწონეობა, ქალათა სიკეკლუცე.
წესი-შინაგან ფუტურო ნიღაბი.
ხანგამოშვება და დროსტარების დაღვინება.
ოთახის სიღრმეში უნებური ბილწსიტყვაობა-ყურზე გველის უეცარი ნაკბენი.
ორი შემცბარი გული; სხვათა კისკისი.
შეზარხოშებული საღამო-ნება, როგორც მოდუნებული მშვილდი: კიდევ ერთი გინების თოფივით გავარდნა.
უფრო ხმამაღალი სიცილი და უკვე-მოქნეული მუშტივით უხამსობა.
ორი ტკვილიანი და სიმჩამწყდარი ჩონგური გული.
მაგიდის კიდესთან მჯდომი ვაჟის წამოდგომა დ ოთახიდან გასვლა.
მოლარესთან:
-მეხუთე ოთახის ანგარიში.
მისი დაბრუნება, ქურთუკის აღება და შედგომა. ყველასთვის სათითაოდ თვალის შევლება. მზერათა ვაჟისკენ რიგ-რიგობით შემობრუნება.
უცნაურად გარინდებული ჰაერი და ორი მახვილი ელვა-სიტყვით გაკვეთილი დუმილი:
-შევცდი... ბედნიერად...
ვაჟის გასვლა.
გაოცებული სახეები, აჩეჩებული მხრები, ბრაზგარეული მოხალისე ხასიათები. ინანას დაობლებული გული.
ათიოდე წამი...
მეტი გაოცება. ჯეირან-ქალას წამოდგომა და მისი სინაზე:
-არ დაიშალოთ... ყველანი მიყვარხართ...
გვერდში მჯდომი ძმისთვის თვალებში ჩახედვა და იგივეს გამრავლებული სიყვარულით უსიტყვოდ თქმა.
ქალაქი.
ქუჩა.
ვაჟის მახვილი სმენა, შეუჩერებელი სვლა და მაღალქუსლიანი ნაბიჯების აჩქარებული ხმა...
28/12/08
დროებით, სიყვარულო
წვიმის ხშირი წვეთი-
ამორძლური თმები,
ბუმბერაზი მკერდი-
საქართველოს მთები...
ხეთა ჯარი, ქარი-
ჟღალი მონაჯარი…
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…
ცრემლში ღიმი-სიმი,
გულით განასიმი,
მზის სიტყვებით სველი
ციურ ქართა ველი...
ნელად მწველი რთველის
დუმილი და დელი...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული….
აი, ნახე, ცაზე,
მასზე, როგორც ზღვაზე,
ღრუბლის ტალღად ვალღობ
ბალღურ ფიქრთა მაღლობს...
ოჰ, შენი სინაზე,
ქვაზე რომ ვავაზე...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…
შენი სულის სითბო
ჩემში მთვარედ რითმობს,
მუსიკაა რულის
სრული დასასრული...
არ გშორდები, კარგო-
მარტოც შენზე ვბარდობ...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
საქართველო-იტალია
2008 წელი
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
06:31
0
გამოხმაურება
Etichette: იტალია, მთვარე, მუსიკა, რთველი, საქართველო, სიყვარული, სიყვარულო
08/12/08
სიყვარულის დიალექტიკა
აჰა, ჭეშმარიტება:
არის კეთილგონიერება
და არის გულკეთილობა...
ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს,
გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა.
რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ?
რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის
და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ,
სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი?
ქვეყნიერება-მრავალი ფერი,
ერთმანეთისგან განსხვავებული;
ერთადერთია თითოეული.
ეს კი პირველი სასწაულია-
სხვა საოცრებით გრძელდება იგი:
როცა ყოველი როკავს გზნებული,
ტრფობის მუსიკით ასამებული,
კენტად დგომაზე აღმატებული.
მაშინ სიკვდილი დალახვრულია,
ცხოვრება ხდება სულ ერთი ციდა;
დანაწილების მაგივრად-შერწყმა
სიცოცხლის ლაჟვარდ ოკეანეში.
სხვადასხვაობა საერთოს ეძებს
და ეს საერთო სიყვარულია,
მეგობრობა და ურთიერთაღქმა,
სრულყოფის გზაზე სხვა უვიცობა-
ნეტართა განძი და ბავშვურობა.
ოქროს კოკებში იღვრება მზე და
მთელი სამყარო მზე ხდება თვითონ...
ყოველი ერთი იშვება მასში...
ფერთა ქორწილი ბადებს ლაჟვარდებს...
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
15:59
0
გამოხმაურება
Etichette: გულისხმა, დიალექტიკა, მეგობრობა, მზე, სიყვარული, ჭეშმარიტება
14/11/08
მშვილდვა
მშვილდი ჩემი-სიყვარული ჩემი,
ისარი-ძალა ტრფობის,
მისით კვეთილი სივრცე-მზით გაჯერება ყოფის,
ვარ მშვილდოსანი, ფერი ჩემი მოცალე ფერის.
მშვილდვაა წერა, მღერა, ფერწერა,
ადამიანის გული და სული კი ფურცელი.
ფოლიანტია თიხა, კოკადწერძილო, ვინ ხარ?
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
09:26
0
გამოხმაურება
Etichette: ადამიანი, გული, მშვილდოსანი, სიყვარული, სული, ფერი, ფოლიანტი
06/11/08
არ შეიძლება, არა?
უკვე მერამდენედ ვიღვიძებ ღიმილით,
შენებურ სიზმრებით გულგაღიმებული,
დილიდან გვერდში ხარ; მძინავს და მიღიმი:
ცხოვრება-ღიმილის ლეგენდადქცეული.
გულიდან სიცილი სიტყვებით ამომაქვს,
სმენით და თვალებით რწყულდები სიცილით,
მთელს ტანში დაგივლის სიცილის ტალღა და
ბაგეზე ბავშვურად თამაშობს სიცილი.
ინანას მსუბუქი და ნაზი ხელებით
ზურმუხტებს დაფერავ მთვარული ფერებით,
მზერაგამთვარული და ვარდა ტუჩებით
დავერცხლილ თასებში მზეს დამეწაფები.
იმ ყელში ჩავმალავ ჩემს მზიან სიხარულს,
შენს მზიურ კულულებს მოვარფქვევ გუნდრუკად,
მზეგულის მზეობით სულს აგიმზიანებ,
სევდაშიც გედგები მზემტკიცე მეგობრად.
ავტორი:
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
დრო
05:50
0
გამოხმაურება
Etichette: ბაგე, ინანა, მზე, მზერაგამთვარული, სიცილი, ტალღა, ღიმილი, ცხოვრება