28/12/08

დროებით, სიყვარულო

წვიმის ხშირი წვეთი-
ამორძლური თმები,
ბუმბერაზი მკერდი-
საქართველოს მთები...
ხეთა ჯარი, ქარი-
ჟღალი მონაჯარი…
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…

ცრემლში ღიმი-სიმი,
გულით განასიმი,
მზის სიტყვებით სველი
ციურ ქართა ველი...
ნელად მწველი რთველის
დუმილი და დელი...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული….

აი, ნახე, ცაზე,
მასზე, როგორც ზღვაზე,
ღრუბლის ტალღად ვალღობ
ბალღურ ფიქრთა მაღლობს...
ოჰ, შენი სინაზე,
ქვაზე რომ ვავაზე...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…

შენი სულის სითბო
ჩემში მთვარედ რითმობს,
მუსიკაა რულის
სრული დასასრული...
არ გშორდები, კარგო-
მარტოც შენზე ვბარდობ...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…


კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
საქართველო-იტალია
2008 წელი

08/12/08

სიყვარულის დიალექტიკა

აჰა, ჭეშმარიტება:
არის კეთილგონიერება
და არის გულკეთილობა...
ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს,
გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა.
რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ?
რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის
და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ,
სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი?
ქვეყნიერება-მრავალი ფერი,
ერთმანეთისგან განსხვავებული;
ერთადერთია თითოეული.
ეს კი პირველი სასწაულია-
სხვა საოცრებით გრძელდება იგი:
როცა ყოველი როკავს გზნებული,
ტრფობის მუსიკით ასამებული,
კენტად დგომაზე აღმატებული.
მაშინ სიკვდილი დალახვრულია,
ცხოვრება ხდება სულ ერთი ციდა;
დანაწილების მაგივრად-შერწყმა
სიცოცხლის ლაჟვარდ ოკეანეში.
სხვადასხვაობა საერთოს ეძებს
და ეს საერთო სიყვარულია,
მეგობრობა და ურთიერთაღქმა,
სრულყოფის გზაზე სხვა უვიცობა-
ნეტართა განძი და ბავშვურობა.
ოქროს კოკებში იღვრება მზე და
მთელი სამყარო მზე ხდება თვითონ...
ყოველი ერთი იშვება მასში...
ფერთა ქორწილი ბადებს ლაჟვარდებს...

website stats
counter